ჰააგის სასამართლო რუსული მხარისგან ომის გამოძიების შედეგებს თებერვლამდე დაელოდება, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გუშინ, "ქორთიარდ მერიოტში" ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ნაწილში გამოძიებას რუსული მხარე აწარმოებს და ჰააგას ჯერჯერობით არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე.
"რუსეთში ეს გამოძიება მიმდინარეობს და რუსეთი ახლა ითხოვს კიდევ, რომ მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდეს ვადა, რათა მათ ჩაატარონ გამოძიება. სანამ რუსეთში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულებზე, გარდა იმისა, თუ ეს გამოძიება არ არის გულწრფელი, თუ ეს გამოძიება არ არის ჭეშმარიტი. ამდენად, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ რუსეთში მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ არ გვაქვს იურისდიქცია ამ დანაშაულებზე. ჩვენ მოგვიწევს შევაფასოთ არის თუ არა ეს გამოძიება გულწრფელი", - განაცხადა ბენსუდამ.