ავღანეთის ჩრდილოეთში ტერორისტულ დაჯგუფებებთან შეტაკებების გახშირების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოდის ინიციატივით, დსთ-ს ქვეყნების ერთობლივი სასაზღვრო ძალები შეიქმნას.
რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა დღეს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ტერორისტების გავლენა სულ უფრო იზრდება და ისინი საკუთარ სურვილებს, მომავალი ექსპანსიის შესახებ, არ მალავენ. მათ მიზნებშია ცენტრალურ აზიაში შეღწევა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივად ვუპასუხოთ ამ სიტუაციაში", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ავღანეთი, სადაც არ არის დაწყნარებული ვითარება, ესაზღვრება ტაჯიკეთსა და უზბეკეთს, რომლებიც პირველები დაზარალდებიან.