ვხვდები, როგორი ზეწოლის ქვეშ იყვნენ მოსამართლეები, როცა მათ დაშანტაჟებას ოპოზიციაში ახერხებთ

ვხვდები, როგორი ზეწოლის ქვეშ იყვნენ მოსამართლეები, როცა მათ დაშანტაჟებას ოპოზიციაში ახერხებთ

მე დავიცავ მოსამართლე ურთმელიძეს, რადგან ვხვდები, როგორი ზეწოლისა და აგრესიის მსხვერპლნი იყვნენ მოსამართლეები თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს , - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გამართული დებატებისას მიმართა.

"ცოტა სასაცილოც არის, რომ ახლა მე მიწევს აქ დგომა იმისთვის, რომ დავიცვა ის მოსამართლეები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არიან დანიშნული. დიახ, მე დავიცავ ბატონ ურთმელიძეს, რადგან ვხვდები, როგორი ზეწოლის, აგრესიის მსხვერპლი იყვნენ ურთმელიძეები და ბევრი სხვა მოსამართლე, როგორ ახერხებდით მათზე ზეწოლას, როცა მოსამართლის დაშანტაჟებას ოპოზიციაში ყოფნის დროს ახერხებთ. ეს აღარ გაგივათ, ეს დრო დამთავრდა. ის, რომ ერთი მოსამართლეც არ გაგვითავისუფლებია, რაც ხელისუფლებაში მოვედით და ერთი მოსამართლეც სასამართლო ხელისუფლებიდან ვადაზე ადრე არ გაგვიშვია, მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ სასამართლო ხელისუფლების თავისუფლება უნდა უზრუნველვყოთ", - განაცხადა მანანა კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით.

კობახიძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს "რუსთავი2"-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში იყო დაწინაურებული და აქვე დასძინა, რომ არ ახსოვს, იყო თუ არა იმ დროს ნიკა გვარამია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

"ახლა აღიარეთ და თქვით, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ, კიდევ მეორე ურთმელიძემ, ჩემიამ, ჩინჩალაძემ, მურუსიძემ, მეიშვილმა, კუბლაშვილმა და ძალიან ბევრმა ასეთმა ასეულობით და ათასობით გამოიტანა, იყო უკანონო, დაუსაბუთებელი, ზეწოლითა და შანტაჟით მიღებული - ან ეს აღიარეთ და ეს იქნება შვება თქვენთვისაც და სასამართლოსთვისაც, ან დასჯერდით იმ გადაწყვეტილებებს, განაჩენებს, რომელიც სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არჩეული მოსამართლეების მხრიდან არის მიღებული", - მიმართა ოპონენტებს მანანა კობახიძემ.