არ გვქონია მცდელობა, რომელიმე მხარის როლი შეგვემცირებინა ან მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ არის პროკურატურის შუამდგომლობაში დაფიქსირებულ შესაძლო დანაშაულებებში შესუსტებული რუსეთის როლი, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ ის იყო კონფლიქტის მხარე.
როგორც პროკურორმა განმარტა, შუამდგომლობა შედგენილია იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც პროკურორის ოფისს ამ დროისთვის აქვს ხელთ და უფრო სრული სურათი გამოძიების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.
"მეტი ინფორმაცია გვექნება თუ ჩატარდება გამოძიება. აქ საუბარია სამივე მხარის ქმედებებზე. ჩვენი მხრიდან, არ გვქონია მცდელობა, რომელიმე მხარის როლი შეგვემცირებინა ან მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა", - აღნიშნა ფატუ ბენსუდამ.