"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა უმრავლესობას საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე ავთანდილ კვარაცხელიას საქმე გაახსენა , რომელსაც დეპუტატის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთრება ე.წ. აბრეშუმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაათმობინა.
"უმრავლესობა აპელირებს იმაზე, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საუბარია საკუთრების უფლებისთვის დავაზე და ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. ჩვენ რომ ევროპულ სახელმწიფოში ვიყოთ, რა თქმა უნდა, საკითხის ამგვარად წარმოდგენა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და ზუსტად ვიცით, რა ხდება "რუსთავი 2"-ის გარშემო. გვახსოვს, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა – დიახ, ქიბერ ხალვაშს ეკუთვნის ტელევიზია და უნდა მიმართოს სასამართლოს. ასეთი განცხადებები იყო სხვა მაღალჩინოსნებისგანაც. თუ თქვენ მართლა შეგტკივათ გული საკუთრებაზე, მაშინ გაგახსენებთ ავთანდილ კვარაცხელიას, რომელსაც ივანიშვილმა და "ქართუ ჯგუფმა" მილიონიანი ქონება წაართვა. ეს არის ე.წ. აბრეშუმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ახლა თქვენი ბატონის საკუთრებაშია. ის ციხეში ჩასვეს და რამდენიმე წელი იქ მხოლოდ იმიტომ გაატარა, რომ ქონება არ გადასცა ივანიშვილს, თუმცა შემდეგ დაემუქრნენ და დღეს ის გაკოტრებულია", - განაცხადა თაქთაქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.