ფატი ხალვაში აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშმა საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა 2008 წელს დაიწყო

ფატი ხალვაში აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშმა საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა 2008 წელს დაიწყო

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ფატი ხალვაში აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშმა საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა 2008 წელს დაიწყო.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფატი ხალვაშმა განაცხადა, მისი ძმები ქიბარ და ნიაზ ხალვაში პოლიტიკური დევნილები არიან.

"მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ჩემი ძმის სხვადასვხა კომპანიები მთელ საქართველოში და 5 ათასი ადამიანი დატოვა სამსახურის გარეშე. ქიბარ ხალვაშს, როგორც ახლა ამტკიცებენ, თითქოს ახლა გაახსენდა "რუსთავი 2", მინდა გითხრათ, რომ ეს დავა პირველად 2008 წელს დაიწყო. 2009 წელს შეიტანა განცხადება არა მარტო "რუსთავი 2"-ზე არამედ სხვა დანარჩენ ქონებაზე. მას ჩამოართვეს, წაართვეს, გადაუწვეს და ა.შ. 2009 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში "ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ" ამ საკითხებზე თავი არის მიძღვნილი "რუსთავი2"-ის შესახებ და ასევე იმ ქონებებზე, რომელიც ჩემ ძმას ჩამერთვა. ასევე იმ დროისათვის ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართა სახალხო დამცველმა და ეს საკითხები არის მოხსენებაში", - განაცხადა ხალვაშმა.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაში პოლიტიკური დევნილია და მას გერმანიამ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი.

"ჩემი ძმა არის ბიზნესმენი და იშვიათი შემთხვევაა, როცა ბიზნესმენებს აძლევენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ასევე ჩვენი ხელისუფლების პერიოდში 2012 წლიდან ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტში არის ჩვენი ადვოკატების განცხადება. ადვოკატმა მიმართა იმ ქონებებზე, რომელიც ჩამოერთვა ჩემს ძმას 2006 წლიდან. მათ სურთ, რომ განაცხადონ, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები, მაგრამ არა, ეს მიმდნარეობდა 2007-2008 წლიდან. მინდა მივმართო ჩვენს კოლეგებს, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ არა კონკრეტულად ჩვენს ოჯახს, არამედ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ქობულეთის მოსახლეობას. მე არ შემოვსულვარ პარტიული სიით, მე ვარ არჩეული დეპუტატი. მე მგონი, ეს ჩემზე უკეთესად თვითონ იციან", - განაცხადა ფატი ხალვაშმა.