თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

"ტაბულას" დირექტორი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ხელწერილის საფუძველზე, ისინი დღეს, 17:00 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

თამარ ჩერგოლეიშვილმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ იმყოფებოდა სტუდენტების მიერ ორგანიზიებულ აქციაზე, სადაც გაიგო, რომ მისი სტაჟიორს, სალომე ხვადაგიანს აკავებდნენ. ამის შემდეგ, მივიდა ადგილზე, სადაც "გაზპორმისა" და ბიძინა ივანიშვილის კარიკატურას აკრავდნენ სტუდენტები.

"ავირჩიე ბოძი, რომელიც უკვე დაზიანებული იყო და გაკრული იყო არაერთი განცხადება, იქვე მივაკარი ბიძინა ივანიშვილისა და ”გაზპრომის” კარიკატურა, რაზეც თავიდან არ აპირებდნენ ჩემს დაკავებას, მაგრამ სალომე ხვადაგიანს რომ აკავებდნენ, დავსვი კითხვა, ამ ბავშვს თუ აკავებთ, მე რატომ არ მაკავებთქო და ამის შემდეგ დამაკავეს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის,  როგორ ესვრიან პომიდვრებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რაც კანონით არის აკრძალული.

"ჩვენ ყველამ ვიცით,  როგორ ამახინჯებენ პოლიტიკური ოპონენტების  კორპუსებს, როგორ აკრავენ ”ნაციონალური მოძრაობის”  შესახებ პოსტერებს და კარიკატურებს, თუმცა არავის ამისთვის არ იჭერენ. საკმარისია,  აწყენინო ბიძინა ივანიშვილს და მიდიხარ ციხეში. ეს არის საქართველოს დღევანდელი რეალობა, რომელიც ძალიან მალე შეიცვლება", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ მომხდარა, იქიდან გამომდინარე,  რომ ბოძი, რომელზეც მან პლაკატი გააკრა, უკვე დამახინჯებული იყო. მისი თქმით, იგი საგამოძოებო სამსახურიდან პირდაპირ სასამართლოში მიდის, სადაც მისი და მასთან ერთად დაკავებულების საქმის განხილვა 17:00 საათისთვის იგეგმება. ჩერგოლეიშვილი ვარაუდობს, რომ მათ სასამართლო დააჯარიმებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სალომე ხვადაგიანი დღეს თბილისშ, ოპერასთან  დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც თვითთმართველი ორგანოს  იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.