დავით სერგეენკო სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაციის მიზეზებს განმარტავს

დავით სერგეენკო სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაციის მიზეზებს განმარტავს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაციის მიზეზებს განმარტავს.

დავით სერგეენკო "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება.

მინისტრი განმარტავს, რომ რეორგანიზაცია მოსახლეობამდე სერვისების უფრო ეფექტურად და გამჭვირვალედ მიწოდებას უკავშირდება.

"ჯანდაცვის სამინისტროში და მასში შემავალ ყველა სააგენტოში, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოში, ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე რეორგანიზაცია განხორციელდა. ამ რეორგანიზაციების მიზანი ყოველთვის ერთი იყო – ის დახმარება და სერვისები, რომელთა მოსახლეობისთვის მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, განხორციელდეს უფრო ეფექტურად, უფრო გამჭვირვალედ, გასაგებად და აღქმადად. აქაც ეს მიზანი იყო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრი არ აკონკრეტებს რამდენი ადამიანი დატოვებს თანამდებობას სოციალური მომსახურების სააგენტოში. სერგეენკო აცხადებს, რომ რეორგანიზაციის მიზანი არ არის, ადამიანებმა სამსახური დატოვონ.

"რეორგანიზაციაში არ არის წინასწარ ჩადებული რაიმე კოდი, რომ რაღაც, X რაოდენობის ადამიანი უნდა გავუშვათ სამსახურიდან. რეორგანიზაცია არის სტრუქტურის და ფუნქციონირების მოდელის გაუმჯობესება. იმუშავებს იმდენი ადამიანი, რამდენიც ახალი ფუნქციის ეფექტურ შესრულებას დასჭირდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის მიერ გამოცემული ბრძანება წარუდგინა. 30 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ზაზა სოფრომაძე ბრძანებას გამოცემს, რომ დაიწყოს ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების პირობით, ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრებში.