"საქართველოს გავლით რკინიგზის წარმატება დამოკიდებულია რეგიონის ქვეყნების კოორდინაციის ხარისხზე"

საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს გავლით, ჩინეთიდან რკინიგზის საშუალებით ტვირთების გადაზიდვა, ერთ-ერთი უმოკლესი გზაა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული გზით შესაძლებელია, მაქსიმუმ ორ კვირაში ტვირთი პირდაპირ მოხვდეს ევროპაში. 

"ამ გზის წარმატება დამოკიდებულია ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის კოორდინაციის ხარისხზე და საბაჟო პროცედურების სიმარტივეზე. ამ კუთხით საქართველო ნამდვილად გამოირჩევა და "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" სწორედ ამას ემსახურება. იმისთვის, რომ მივიღოთ ის სარგებელი, რომელიც აბრეშემის გზის პროექტში პოტენციურად დევს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს კოორდინაციის ხარისხს და ბიუროკრატიული პროცესის სიმარტივეს მთელი ამ მარშრუტის გასწვრივ. გუშინ ჩვენ ჩინეთიდან სატესტო მატარებელი შემოვიყვანეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხრა დღეში შესაძლებელია ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის შემოტანა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მაქსიმუმ ორ კვირაში ტვირთი პირდაპირ ევროპაში იყოს. მათ შორის, შესაძლებელია დუნაის გავლით გერმანიაში ჩავიტანოთ თვირთი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.