იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმე შიდა კინკლაობებისა და ერთმანეთის შეურაცხყოფების გარეშე უნდა იყოს გამოძიებული.
როგორც მინისტრმა ჰააგის პროკურორთან ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთელმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ რუსეთი თავს დაგვესხა და ეთნიკური წმენდა განვიცადეთ.
"აგვისტოს ომის საქმე არ არის რომელიმე მინისტრის საქმე, აგვისტოს ომის საქმე არ არის რომელიმე ერთი გამომძიებლის, ან რომელიმე ერთი ჟურნალისტის საქმე. აგვისტოს ომის საქმე არის ქართული საქმე და ჩვენ ერთად ერთიანი პოზიციით, შიდა კინკლაობებისა და ერთმანეთის შეურაცხყოფების, ერთმანეთისთვის რაღაცების მტკიცების გარეშე, ამ სამართლებრივ გზაზე უნდა ვიაროთ ერთად და მთელმა ქვეყანამ უნდა დავამტკიცოთ, რომ დიახ, რუსეთი თავს დაგვესხა და დიახ, ეთნიკური წმენდა განვიცადეთ, დიახ, დღესაც ოკუპაცია მიმდინარეობს, სამხედრო დანაშაული რუსეთის მხრიდან სახეზეა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი, შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად ჩამოვიდა. პროკურორი ვარაუდობს, რომ 2008 წელს ქვეყანაში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. ჰააგის პროკურორი საომარი მოქმედებების დროს საქართველოში არსებულ ვითარებას შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას, "მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმას" მიიჩნევს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მოსამართლეებს, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით, თხოვნით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, რომ გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბერის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.