საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ჰააგის პროკურორმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებაში ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, - ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორ ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ჩვენ ჰააგის პროკურორთან ვითანამშრომლებთ პირველ რიგში იმ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, რასაც მან ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. ეს არის ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა. როგორც ჰააგის პროკურორი თავის წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნავს, ცხინვალის რეგიონში აგვისტოს ომის შედეგად 75 %-ით ნაკლები ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს და სწორედ ეს, ქართველების ეთნიკური წმენდა, მათი ქონების ნგრევა და სხვაგვარი დევნა იქნება გამოძიების მთავარი მიმართულება. მანვე აღნიშნა, რომ გამომდინარე ამ დანაშაულების სერიოზული ხასიათიდან, მთლიან გამოძიებაში ქართველთა ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა", - განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი თბილისში მყოფ ფატუ ბენსუდას დღეს შეხვდნენ.