ჰააგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის და სხვა 23 სამხედრო ტყვის წამების ფაქტები

ჰააგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის და სხვა 23 სამხედრო ტყვის წამების ფაქტები

ფატუ ბენსუდასთან დავაყენეთ საკითხი, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ჰააგის სასამართლომ არ გამოიძია ჩვენი ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და მათი მკვლელობის ფაქტები, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ, ფატუ ბენსუდასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის და სხვა 23 სამხედრო ტყვის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

"ჩვენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და იმ გუნდმა, რომელმაც ჰააგის პროკურორთან ვიმუშავებთ იუსტიციიდან და პროკურატურიდან, დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ჰააგის სასამართლომ არ გამოიძია ჩვენი ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და მათი მკვლელობის ფაქტები. დავაყენე საკითხი, რომ გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულუვის, უშანგი სოფრომაძის წამება და მკვლელობა და ასევე დანარჩენი 23 ქართველი სამხედრო ტყვის მიმართ წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ჰააგის პროკურორი ათვითცნობიერებს, რომ რაკი ეს ფაქტები მის წინა ანგარიშებში მათი ძალისხმევით ფიგურირებდა, გამოძიება ამ საკითხებსაც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას.