"ნაცმოძრაობამ" დიპლომატებს "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. დიპლომატებს ესაუბრნენ პარტიის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებია. ჩვენ, ერთი მხრივ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ხელისუფლების მხრიდან "რუსთავი 2"-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა არის ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რის შემდეგაც აზრი აღარ აქვს არჩევნების ჩატარებასაც კი, რადგან როდესაც ყველა პარტიამ უნდა წარუდგინოს თავის პროგრამა ამომრჩეველს თავისუფალი გარემო იშლება და ირღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, დიპლომატიურ კორპუსს გავუზიარეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციის შედეგები. აგრეთვე გავაცანით ის პროცედურები, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ავუხსენით, რამდენად სერიოზულ პროცედურულ დარღვევებს აქვთ ადგილი თუნდაც იმით, რომ საკითხს მოსამართლე ურთმელიძე განიხილავს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიგა ბოკერიას თქმით, "რუსთავი 2"-ის საკითხი გარდამტეხია.

"ჩვენს ქვეყანას აქვს ბევრი, სერიოზული პრობლემა, რომელიც ივანიშვილის გუნდმა შექმნა, მაგრამ "რუსთავი 2"-ის საკითხი ამ ძალიან მძიმე პრობლემებთან ერთან და მათგან გამორჩეულადაც კი, ცალკე საკითხია, რადგან ყველაფერ დანარჩენს ცვლის. "რუსთავი 2"-ის საკითხი გარდამტეხია. ამ თემაზე გაიმართა კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებს შორის. ამ ყველაფერზე ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური დევნის, დაკავებული აქტივისტების, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო სისტემის საკითხებზეც.