ფატუ ბენსუდას ვაცნობე, რომ რუსეთის როლი მის შუამდგომლობაში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეახსენა ბენსუდას, რომ ოკუპაცია არ დასრულებულა და გრძელდება.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მას ვაცნობე, რომ შუამდგომლობაში რუსეთის როლი სათანოდოდ არ არის წარმოდგენილი. რუსეთის, რომელიც თავს დაგვესხა. შევახსენე, რომ ოკუპაცია არ დასრულებულა, ოკუპაცია მიმდინარეობს და რომ ჩვენ ჰააგის სასამართლოს დონეზე გვექნება სამართლებრივი დავა რათა ვამტკიცოთ, რომ დიახ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი, შეიძლება თუ არა იყოს სამხედრო დანაშაული განგრძობადი, რისი პრეცედენტიც მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ, თუმცა ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და სამართლებრივად ვიბრძოლებთ", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, პროკურორის მოთხოვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ე.წ. ოსურ ჯარში და საჯარო სამსახურში რუსი საჯარო მოხელეები იყვნენ, თუმცა ფატუ ბენსუდას ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე უთხრა, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება.
"რუსეთის როლთან დაკავშირებით საპასუხოდ აღინიშნა, რომ პროკურორის შუამდგომლობა ეყრდნობა მხოლოდ სამართლებრივ ფაქტებს, იმ ინფორმაციას, რაც მის ხელთ იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰააგის სასამართლო მზად იქნება, გაითვალისწინოს, განიხილოს ქართული მხარის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია - როგორ მართავდა რუსეთი ოსურ დანაყოფებს და შენაერთებს, რომ სინამდვილეში ეს არ იყო მხოლოდ ქართულ-ოსური დაპირისპირება, ეს იყო პირველ რიგში, ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, როდესაც რუსეთმა ჩვენზე აგრესია განახორციელა. ეს მიმართულება ისედაც არის პროკურორის მოთხოვნაში, სადაც შავით თეთრზე ამბობს, რომ ე.წ. ოსურ ჯარში, საჯარო სამსახურში, ყველგან რუსი საჯარო მოხელეები იყვნენ, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება და რუსეთის როლი არ არის და ვერ იქნება ამ კონფლიქტში მინიმიზებული", - განაცხადა წულუკიანმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.
როგორც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურორი ფატუ ბენსუდს საქართველოში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება სურს.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.
2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში", - ნათქვამია ჰააგის სასაამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.