დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება , - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ განუცხადა, როცა უპასუხა კითხვას, რა გზით აპირებს ჰააგა რუსეთთან თანამშრომლობას, რომელიც რომის სტატუსის წევრი არ არის.
ფატუ ბენსუდამ ხაზი გაუსვა, რომ სამაგიეროდ რომის სტატუსის წევრი საქართველოა და მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნების იქნება პირი, თუკი მას დანაშაული აქვს ჩადენილი.
"ჩვენ პატივს ვცემთ რომის სტატუტს. საქართველო რომის სტატუტის წევრია, ამიტომ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ეროვნების იქნება ეს პირი", - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება იმას, თუ რას აპირებს გამოძიების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ჰააგის პროკურორი დარწმუნებულია, რომ "რაიმე გზა გამოინახება".
"ნებართვის მიღების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ რაიმე გზას გამოვნახავთ", - აღნიშნა ფატუ ბენსუდამ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების დასაწყებად ჯერ 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიისგან შესაბამისი ნებართვა უნდა მიიღოს.
"გამოძიებას დასაწყებად უნდა მივიღო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეთა ნებართვა. 3-კაციანი კოლეგია სასამართლოს თავმჯდომარემ, სწორედ ჩემი განაცხადის შესწავლის მიზნით დანიშნა. ისინი გადაწყვეტენ, მომცენ თუ არა გამოძიების დაწყების ნებართვა", - აღნიშნა ჰააგის პროკურორმა.