"ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის მიერ გამოცემული ბრძანება წარუდგინა. 30 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში ზაზა სოფრომაძე ბრძანებას გამოცემს, რომ დაიწყოს ორგანიზაციული ცვლილებების პროცესი, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების პირობით, ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრებში.

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 128 000 ადამიანით შემცირდა. ამას ემატება ის, რომ დავით სერგეენკოს მეთაურობით ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა მთლიანად შლის სისტემას, რაზეც სოციალური შემწეობის ბაზა დგას. მე მაქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის ბრძანება, რომლითაც ის აპირებს სამსახურიდან დაითხოვოს თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ასეულობით თანამშრომელი. ეს სწორედ ის ხალხია, ვიზედაც გადადის მთელი სამუშაო, რასაც სოციალურად დაუცველთა ბაზის აწყობა ჰქვია. სამწუხაროდ, სოციალურმა აგენტებმა არასწორი ბრძანებები მიიღეს დავით სერგეენკოსა და ზაზა სოფრომაძისგან, ამის შედეგია ქაოსი სისტემაში და შემწეობის გარეშე დარჩენილი ადამიანები. ახლა სერგეენკოს და სოფრომაძეს სურთ თავიდან მოიცილონ სოციალური აგენტები, რომლებიც მოწმეები არიან სისტემაში არსებული განუკითხაობის", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ მეოთხე, ვითომდა საუკეთესო წლის დადგომა 600 ადამიანს თბილისის სოციალური მოსახურების სააგენტოს სისტემაში "მიულოცეს" იმით, რომ შემცირების შესახებ ბრძანება გამოუცხადეს. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს, რაც მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისშია", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.