მოლდოვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.
როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, ყოფილი მაღალჩინოსანი პარლამენტის შენობიდან ხელბორკილებით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა გაიყვანეს. ფილატის სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
მოლდოვას პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფილატს ასევე სადეპუტატო ხელშეუხებლობა ჩამოართვეს. თავად ყოფილი მაღალჩინოსანი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ვლად ფილატი მოლდოვას პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009-2013 წლებში იკავებდა.
სექტემბრის დასაწყისიდან, მაღალჩინოსნების გადაყენებისა და კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნით, მოლდოვაში მასობრივი აქციები იმართება.