ანაკლიის პორტის უკან 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაკეთდება, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმის" მეორე დღის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ფორუმის შედეგად ბევრი პროექტი დარჩება საქართველოს. მისივე თქმით, ხელი მოეწერება ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ტყიბულში უნდა განხორციელდეს და ეს არის 100 მილიონზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტი.
"ასევე ჩვენ ვილაპარაკეთ სატრანზიტო პოტენციალსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. ეს იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ჯამურად რამდენიმე მილიარდი ინვესტიციაა. ანაკლიის პორტის უკან, ასევე გაკეთდება 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. მას სჭირდება დახვეწა, თუმცა დღეს ეს კანონი არის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოში აწარმოოს პროდუქცია და შემდეგ შეიტანოს ევროპაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.