ნიკა გვარამია თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლო არ არის - ის პოლიტიკური აქტივისტია, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მედიასაშუალებებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებულ განცხადების პროექტი განიხილეს.
ჩაფიძემ საკითხის წარმდგენ გოკა გაბაშვილს მიმართა კითხვით, რატომ არ გაუჩნდა რეზოლუციის მომზადების სურვილი 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე რატომ არ დაინტერესდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ხურჩის აფეთქების შესახებ "რუსთავი2"-ში გასულ სიჟეტთან დაკავშირებით, სიღნაღის რაონში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მიერ პირადად მისი, როგორც ჟურნალისტის ცემის ფაქტზე და 2011 წელს ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით.
"ჟურნალისტიკა აქტივისტების საქმიანობა არ არის. არც ერთმა ჟურნალისტმა არ უნდა აკადროს საკუთარ თავს წავიდეს პოლიტიკაში, შემდეგ დაბრუნდეს უკან და ასე შემდეგ. მაპატიეთ, მაგრამ ნიკა გვარამია თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლო არ არის. ნიკა გვარამია არის პოლიტიკური აქტივისტი – პროკურორი ნიკა გვარამია, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საკმაოდ სერიოზული განცხადებებით გამოირჩეოდა და ფილმებს იღებდა ტელეკომპანია "იმედზე", სადაც იარაღით მუქარის ქვეშ ფეხმძიმე ჟურნალისტები სწორედ თქვენს ხელისუფლებას ჰყავდა გართხმული და საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჟურნალისტები სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ", - განაცხადა ჩაფიძემ.
რაც შეეხება განცხადების პროექტს, მასში ყურადღება გამახვილებულია ”საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და "იმედზე" პოლიტიკური გადაცემების დახურვის ფაქტებზე, ასევე ტელეკომპანია "მაესტროსა" და "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიის გარშემო არსებული ვითარება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ზეწოლის მეშვეობით ცდილობს ქართულ მედიასივრცეში პოლიტიკური დისკუსიის შეზღუდვას.
განცხადების პროექტში ნათქვამია ისიც, რომ ხელისუფლება საფრთხის წინაშე აყენებს მედია პლურალიზმს და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენები ეჭვქვეშ აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებასა და მის ლეგიტიმურობას.