აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, მაბარაქალ ნაჰაიანი ჩამოვიდა.
მაბარაქალ ნაჰაიანი არაბეთის საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, აბუ-დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და ალ აინის უნივერსიტეტის რექტორია. 15 ოქტომბერს შეიხმა მონაწილეობა მიიღო აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაში და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ნაჰაიანის თქმით, საქართველოს დიდი კოოპერატიული უპირატესობა აქვს მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ის თავმჯდომარეობს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს, რომელიც გამოხატავს ზოგადად არა მხოლოდ აბრეშუმის გზის, არამედ ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ხედვას. მე მინდა მოგესალმოთ არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით. უაღრესად მოხარული ვარ, რომ ჩამოვედი საქართველოში და ვარ თბილისში. ჩემი აზრით, საქართველოს ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ იყოს აბრეშუმის გზის განვითარების ხელშემწყობი და ცენტრი. რასაკვირველია, ვაჭრობის ხელშეწყობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. აღმოფხვრილი უნდა იყოს ბარიერები, დასაკარგი დრო არ გვაქვს და არ უნდა შევისვენოთ, ჩვენ არ უნდა შევაჩეროთ ამ მიმართულებით მუშაობა. ამავდროულად, ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ გვექნება შესაძლებლობა, გავეცნოთ თქვენი ქვეყნის სილამაზესააც და თქვენს სტუმართმოყვარეობას. თუმცა, მიუხედავად ამისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგი და სასიამოვნოა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ აქ საქმეზე ჩამოვედით, საკმაოდ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ყველაფერ იმას, რის გამოც აქ ვიმყოფებით დღეს.
საქართველოს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის არის ნამდვილად ევროპასა და აზიას შორის გზის გასაყარზე. მე ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავ საქართველოსა და ჩემ ქვეყანას შორის. გაერთიანებული არაბეთის საემიროები არის საკმაოდ წარმატებული ქვეყანა, რომელმაც თავისი ადგილი დაიმკვიდრა, გამოიყენა თავისი გეოგრაფიული მდგომარეობა, ასევე საკმაოდ ცნობილია ჩვენი სტუმართმოყვარეობაც, ჩვენ ნებისმიერი რელიგიის, აღმსარებლობისა თუ კულტურის წარმომადგენელს აბსოლუტური სიხარულით ვხვდებით, ისინი თანასწორი უფლებებით სარგებლობენ. მსგავსად ჩემი ქვეყნისა, საქართველოც სწორედ ასეთ გზაგასაყარზე იმყოფება. ის აერთიანებს სუბკონტინენტს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. აბრეშუმის გზა საქართველოს გავლით, რასაკვირველია, აკავშირებს ქვეყნებს კიდევ უფრო მოკლე სახმელეთო მარშრუტით. როგორც ინვესტორი, მე ნამდვილად ხაზი უნდა გავუსვა იმას, თუ რამდენად დიდი კოოპერატიული უპირატესობა აქვს საქართველოს მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. გარდა ამისა, მას გააჩნია ინფრასტრუქტურა, გზები, აეროპორტები, საზღვაო პორტები, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა, საბანკო სექტორი, წარმოება, განათლება და, შესაბამისად, ნამდვილად შესაძლებელია, საქართველომ ყოველივე ეს შესთავაზოს იმ ბიზნესებს, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან ამ მარშრუტით სარგებლობით. რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, გეოგრაფიულად ისეთივე ხელსაყრელ მდგომარეობაში ვართ, როგორც საქართველო. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორმოცი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი განვითარების გზა გავიარეთ, ეს შეუძლებელი იქნებოდა ძალიან ფრთხილი კვლევების, ექსპერტების რჩევისა და ზედმიწევნით დაგეგმვის გარეშე. ჩვენ მზად ვიყავით, ბევრი რამ გვეცადა, მაგრამ ძალიან ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენი გეგმები და მიზნები უნდა ყოფილიყო საღი და რეალისტური. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ ექსპერტების დახმარება და მხარდაჭერა, რადგან თუ გვინდოდა ვყოფილიყავით გლობალურ გზაჯვარედინზე წარმოდგენილი ქვეყანა, უნდა გამოგვეყენებინა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც გააჩნია მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს. მე ვხედავ იგივეს საქართველოსთან მიმართებაში, მისი პოტენციალი არის გამოსაყენებელი", - განაცხადა ნაჰაიანმა.
მისივე თქმით, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც საქართველოში ტარდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართველი ლიდერების სიბრძნეზე.
"ეს არის აზიის განვითარების ბანკისა და ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობით განხორციელებული ფორუმი. ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ არიან მთელი რიგი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები, ასევე ინვესტორები კერძო სექტორიდან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო დაინტერესებულია განვითარდეს და გამოიყენოს რესურსები მაქსიმალურად. 21-ე საუკუნის აბრეშუმის გზა არის გზა, რომელიც გააერთიანებს ერებს, კულტურებს, ენებს და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო არის ასეთი ტოლერანტული, ასეთი ღია, ასეთი სტუმართმოყვარე ქვეყანა. საქართველოს კულტურა ნამდვილად დააინტერესებს უფრო მეტ ადამიანს, ის ასეთივე ტოლერანტული იქნება სხვა კულტურის მქონე ადამიანებისთვისაც. ჩვენი ტრადიციული, არაბული კულტურა, ამ გლობალიზაციის პირობებში, კიდევ უფრო ვითარდება, კიდევ უფრო თვითმყოფადია. ჩვენ შევქმენით ქვეყანა, რომელიც ნამდვილად მზად არის მიიღოს სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის მატარებელი ქალები და მამაკაცები სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ ვართ ახალი ერი და გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. შეიხ საადმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობა, მე ვციტირებ მას: „ჩვენ გვაქვს ვალდებულება ადამიანების წინაშე, ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვექცეთ თანაგრძნობით, შემწყნარებლობით, ჩვენ უნდა ვიყოთ დიალოგში და არ უნდა გამოვიყენოთ კონფრონტაციის ენა, ხელი არ უნდა შევუწყოთ ომებს და დესტრუქციას.“
ასეთი შემწყნარებლობა და ასეთი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ თვისებების გამო შევძელით ჩვენ განვითარება და გავხდით გლობალური კულტურა. ჩვენი, როგორც ერის მომავალი დამოკიდებულია ჩვენს უნარსა და მზაობაზე, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სწორედ აი ამ შემწყნარებლობის, დიალოგის, ტოლერანტულობის მიმართულებით. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოც სწორედ ასეთი ქვეყანაა. საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, საქართველო ნამდვილად საინტერესოა იმით, რომ მას გააჩნია საღი სამთავრობო სტრუქტურები, ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემო, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და საგადასახადო სისტემა, ასევე ძალიან ძლიერი, მორალური მახასიათებლები. ეს არის ნამდვილად ქვეყანა, რომელსაც გააჩნია კარგი პოტენციალი. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ისტორია საქართველოს შესახებ და გვაქვს კულტურული გაცვლაც. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება წარმატებული ინიციატივა და ძალიან წაადგება საქართველოს ეკონომიკას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ვართ ნაწილი ამ მომავალი აღმშენებლობის და როგორც საერთაშორისო ინვესტორები, კიდევ ერთხელ აღვუთქვამთ მხარდაჭერას საქართველოს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნამდვილად პატივს ვცემთ ამ ქვეყანას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავეცნოთ საქართველოს, მის კულტურას, დიდი მადლობა თქვენი მორალური სიმამაცისთვის, თქვენი ხედვისთვის, ყველა მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში", -განაცხადა ნაჰაიანმა.