"საქართველოში 500 მილიონ ევროიანი ნიშნული გვაქვს, რომელიც 5 წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს"

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ლასლო ბარანიაის განცხადებით, მხოლოდ მიმდინარე კვირაში, საქართველოში 150 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო.

როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მისასალმებელ პანელში ლასლო ბარანიაიმ განაცხადა, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში ინვესტიციების გასაგრძელებლად, კერძოდ, 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ქუთაისში ნარჩენი წყლების გადამუშავებისთვის გაიცემა. მან ასევე აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, წარმოვადგინო ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ ფორუმზე. აბრეშუმის გზა 2000 წელზე მეტია, ცნობილია სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის აგრეთვე არის გზა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს აკავშირებს და აქ, 21-ე საუკუნეში უკვე უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა თანამედროვე მიდგომები და გავითვალისწინოთ თანამედროვე საჭიროებები. დასაწყისში, თავისთავად, აქლემები გამოიყენებოდა ტვირთების გადასატანად, მაშინ არ იყო არც მანქანები, არც თვითმფრინავები, არც მატარებლები. ახლა ვიცით, რომ სამყარო უფრო გლობალური გახდა, ყველაფერი გაცილებით უფრო მაღალი ტემპებით მოქმედებს, ცხოვრების ტემპიც გაიზარდა. ჩვენ ვართ გრძელვადიანი დაფინანსების ინსტიტუტი და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ სხვადასხვა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ვმონაწილეობთ საინვესტიციო პროგრამებში. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ეკონომიკა, გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები და შეიქმნას სამუშაო ადგილები. ჩვენ არ ვსაუბრობთ მცირე თანხებზე - ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიარდი ევრო გაიცემა იმისთვის, რომ მცირე და საშუალო საწარმოები განვითარდეს, ეს თანხები ასევე კვლევებისთვისაც გაიცემა. აქ, საქართველოში ჩვენ გვაქვს 500 მილიონ ევროიანი ნიშნული, ეს თანხა 5 წლის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს. ჩვენ სომხეთშიც გვაქვს რამდენიმე მილიონიანი პროექტი, რომელიც გაზსადენს შეეხება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი გზის აღდგენაზე და ვფიქრობ, ესეც ხელს შეუწყობს აბრეშუმის გზის აღდგენას და მის ეფექტურად ფუნქციონირებას. ჩვენ ხელს ვუწყობთ კერძო სექტორის განვითარებას, ისევე, როგორც სახელმწიფო ორგანოების. ერთი თვის წინ პირადად მე მოვაწერე ხელი აზერბაიჯანისთვის 50 მლნ დოლარის ოდენობის სესხის გაცემას, ჩვენ ვიწყებთ საქმიანობას ყირგიზეთსა და ტაჯიკეთშიც",- განაცახდა ლასლო ბარანიაიმ.

ვროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ბანკს სურს, რომ საქართველოს დეხმაროს, რათა ქვეყანა განვითარდეს, რის საფუძველზეც მხოლოდ მიმდინარე კვირაში 150 მილიონი ევროს ინვესტიცია გაიცა.

"ქალბატონებო და ბატონებო, სულ რამდენიმე სიტყვით მინდა მოგახსენოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების თემაზე. საქართველომ გასულ წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა და თავისთავად, ემსახურება ევროპული ამბიციების შესრულებას და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და ევროკავშირისა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას. ჩვენ გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით. ამ კვირაში ორი ხელმოწერა შედგა - 50 მილიონი ევრო მივეცით „პროკრედიტბანს“ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, 100 მილიონ ევროიანი ინვესტიცია კი, ქუთაისში ნარჩენი წყლების გადამუშავებისთვის გაიცემა. სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება სიტყვის დასაწყისში სუფთა წყლით სავსე ჭიქაზე - ეს ნამდვილად ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, სოფლის მეურნეობისთვის, ამ მხრივ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", - ლასლო ბარანიაიმ.

ლასლო ბარანიაის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი გააგრძელებს ინვესტიციების გაცემას მთლიანად კავკასიის რეგიონში, როგორც საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ასევე, შუა აზიასა და ჩინეთში.

"ერთი მაგალითიც მინდა მოვიყვანო: 10 ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდა. მათ ასოცირების შეთანხმებას ხელი 90-იანი წლების დასაწყისში მოაწერეს, მაგრამ ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივები მხოლოდ 1997 წლის შემდეგ გაეხსნათ. ამ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 57%-ით გაიზარდა, თითო სულ მოსახლეზე ინვესტიციების რაოდენობა 51%-ით, ექსპორტი კი დაახლოებით 65%-ით. ევროკავშირის ბაზრის გახსნასთან ერთად საქართველოსთვისაც ჩნდება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ინვესტიციები მთლიანად კავკასიის რეგიონში - საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ისევე, როგორც შუა აზიასა და ჩინეთში. ჩვენი სურვილი არის ძალინ მტკიცე, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ეს ქვეყანა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს ჩვენ შემდგომ განვითარებას და ზრდას ვუსურვებთ“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.