"ესაა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, აბრეშუმის გზა ააღორძინოს და ამ მიზნით შექმნას ინფრასტრუქტურა"

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელში „აბრეშუმის გზის აღორძინება - თანამშრომლობის გაღრმავების ახალი გზები“.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება აბრეშუმის გზის პროექტის პოტენციალსა და თანამშრომლობის გზით მისი სრულად გამოყენების შესაძლებლობაზე გაამახვილა.

 „ქალბატონებო და ბატონებო, უაღრესად მოხარული ვარ, რომ თბილისში გხედავთ და როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ესაა ადგილი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება, სადაც აბრეშუმის უძველესი გზა არსებობს და ესაა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, აბრეშუმის გზა ააღორძინოს და ამ მიზნით შექმნას ინფრასტრუქტურა. მოხარული ვარ, რომ აქ გხედავთ და იმედია, ეს შეხვედრები, დისკუსიები დაგვეხმარება ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრაში, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს და ჩვენ გავზრდით აბრეშუმის გზის პოტენციალს. რასაკვირველია, პოტენციალი, რომელიც ამ გზას აქვს, ძალიან დიდია და მხოლოდ თანამშრომლობის გზით შეგვიძლია მისი სრულად გამოყენება. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საშუალებას მოგვცემს, რომ განვიხილოთ არსებული შესაძლებლობები, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და ასევე მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს, რა გვაქვს და რისი გატარებაა საჭირო. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ფორუმი, ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, ვნახოთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ტრანსპორტის, კომუნიკაციების და ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ადამიანებს შორის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.