თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი იმყოფება.
მაღალი რანგის სტუმარს, აშშ-ის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც წარმოადგენს, საუკეთესო პლატფორმას არა მხოლოდ ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებისთვის, არამედ რეგიონალური თანამშრომლობის ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოსთვის. ვისაუბრეთ ახალ აბრეშუმის გზაზე და მისი წარმატების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტმა ამერიკულმა კომპანიამ აღმოაჩინოს საქართველო. ვისაუბრეთ რეგიონული მნიშვნელობის თემებზე, რომლებიც ასევე ეხება საქართველოსა და აშშ-ს. ძალიან პოზიტიური და სასარგებლო შეხვედრა იყო“, - განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ფორუმის თანაპონსორობისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის შემდეგ საუბარი არაოფიციალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა. სტუმრებმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, თბილისის ხედები დაათვალიერეს.