რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რიკოთის უღელტეხილის საკითხის მოგვარებაა.
მისი თქმით, საქართველო უნდა შეეცადოს, რომ ყურადღების ცენტრში მოქცევის გარდა, დააფიქსიროს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
„მოისმინეთ თქვენც, თუ რას ნიშნავს „აბრეშუმის გზის“ მონაწილე ნებისმიერი ქვეყნისთვის დღევანდელი შეხვედრა. ვფიქრობ, ეს ძალიან აქტიური საკითხია, განსაკუთრებით დღეს და უფრო მეტი იქნება ხვალ. საქართველო უნდა შეეცადოს, გარდა იმისა, რომ ფორუმით ჩვენ მოვექცევით ყურადღების ცენტრში, უნდა დავაფიქსიროთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ვართ ამ დიდი, ისტორიული „აბრეშუმის გზის“. უნდა მოვახერხოთ, მაქსიმალური სიკეთე მივიღოთ. იქნება კონკრეტული შეხვედრები კონკრეტულ პროექტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა. ვცდილობთ, რომ ამ თვალსაზრისით ინვესტიცია მოვიზიდოთ და იმედია, ამას მოვახერხებთ. თუ არა, პარალელურად მაინც მიდის მუშაობა დონორებთანაც. შესაძლებელია, ეს დონორების მეშვეობით დაფინანსდეს, თუმცა, საქართველოს საგარეო ვალიდან გამომდინარე, გაცილებით მომგებიანი იქნება ჩინელების დაინტერესება. ჩვენ გვექნება 2 სერიოზულ კომპანიასთამნ შეხვედრები ამ თვალსაზრისით. ორივეგან ჩინური მხარე მონაწილეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ დონორებმა, როდესაც თავი შეიკავეს რიკოთის უღელტეხილის დაფინანსებაზე, მთავარი არგუმენტი აქ იყო ნაკლები დატვირთვა, ანუ ავტომობილების ნაკლები რაოდენობა. ამიტომ, თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიციას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინეთის ტვირთები უფრო მეტად გადაადგილდებიან ჩვენს ავტობანზე. ასევე, იქნება სხვა მიმართულებით შეხვედრები. ჩემი ყველა მოადგილე ჩართულია. ასევე, ყველა ჩვენი სტრუქტურა. წყლის და ინფრასტრუქტურის პროექტებზეც იქნება საუბარი, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე რიკოთია და თუ შევძელით, ინვესტორების დაინტერესება თბილისის შემოვლით გზაზე“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ქვეყანას რიკოთის უღელტეხილის გზით დაინტერესების 2 შემოთავაზება აქვს.
„ჯერჯერობით გვაქვს ინვესტორებისგან 2 შეთავაზება. ერთმანეთისგან განსხვავებული გარკვეულ ნიუანსებში, მაგრამ ძირითადად მსგავსია. დაახლოებით 30-50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ მათ და თუკი შევთანხმდებით რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ, ამ პერიოდის განმავლობაში ეს იქნება ფასიანი გზა. შესაბამისად, მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე, მოხდება ინვესტიციის ამოღება“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.