"ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას, აფხაზეთში რკინიგზის მშენებლობას ვერ შევაჩერებთ“

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატში მსგავსი საკითხების განხილვა არ ხდება.

როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "ფაქტორში" განაცხადა, ვერც იოცნებებდა რუსეთი 2004 წელს, რომ ასეთ მიზნებს მიაღწევდა ის 2008 წლისთვის.

"რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით ჩვენს ხელისუფლებას კატასტროფული მდგომარეობა დახვდა. 2008 წელს ომის შემდგომ, საქართველო ფაქტობრივად დაიშალა. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა. რუსული ბაზები, რომელთა გაყვანა 1999 წელს დაიწყო და 2005 წელს დამთავრდა, ისევ შემოვაბრუნეთ 2008 წელს და გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით. აგერ, 25 კილომეტრში დგანან. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ რუსული ბაზების მოქმედებას აფზაზეთში, სამხრეთ ოსეთში, გაყარეს იქიდან და ყველაფერი ეს საერთაშორისო მეთვალყურეობის გარეშე დარჩა. უაღრესად გაგვირთულდა მდგომაროება აფხაზეთთან და ოსეთთან. პოლიტიკა იმით კი არ ისაზღვრება, ვინ რამდენად ხმამაღლა ყვირის და იქნევს პატარა მუშტებს, არამედ იმით, რა შედეგს იძლევა. ამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ხუთიანზე, ათიანზე, ასიანზე შევასრულეთ რუსეთის ყველა ამოცანა და ინტერესი. ვერც იოცნებებდა რუსეთი 2004 წელს, რომ ასეთ მიზნებს მიაღწევდა ის 2008 წლისთვის. როდესაც გვეუბნებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, არ შეხვდე რუსეთის წარმომადგენლებს, რუსული გაზი არ გაატარო, პომიდორი არ მიყიდოო, თვითონ რატო ხვდებოდნენ პუტინს, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს?!", - განაცხადა აბაშიძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს იმაზე, რომ სარკინიგზო ჯარები გაიყვანა რუსულმა მხარემ აფხაზეთიდან და იყო თუ არა ეს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განხილული საკითხი, ან რას უკავშირებს ამ ფაქტს, აბაშიძემ განაცხადა, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში მსგავსი საკითხი არ განიხილება.

"აფხაზეთის რკინიგზის საკითხს არანაირად არ განვიხილავთ. რუსეთის ფორმულა აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვეუბენბიან, თუ დაინტერესებულები ხართ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაში, დაელაპარაკეთ აფხაზებს, დაელაპარაკეთ მეზობლებს. ჩვენი პასუხია, რომ ეს ფორმულა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამით საუბარი სრულდება. ამის საგნობრივი განხილვა არ ხდება არც პრაღაში, არც ჟენევაში, არც სადმე სხვაგან. როდესაც იწყებენ საუბარს იმაზე, რომ იქ რკინიგზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სარკინიგზო ჯარი შემოიყვანეს, რას შვება ამ დროს ჩვენი ხელისუფლება?! ვინც ამ კითხვას სვამს, შეიძლება არ იცოდეს, რას აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას, ასეთია ჩვენი ტრაგიკული სიტუაცია, ჩვენ იმ სამუშაოებს ვერ შევაჩერებთ. ამის ბერკეტი, ინსტრუმენტი არ გვაქვს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ საერთაშოირსო საზოგადოება, მაქსიმალურად ავამოქმედოთ ბერკეტები, აგერ პრემიერ-მისნიტრი გამოვიდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, სხვა საშუალება არ გაგვაჩნია", - განაცხადა აბაშიძემ.