პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მთავრობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართული საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორია.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფორუმისთვის დახმარების გაწევა, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით ხორციელდება, ცხადყოფს პირადად მისი და ზოგადად, ჩინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და ლიდერის როლის აღიარებას, აბრეშუმის გზის აღდგენის ხელშეწყობას.
ასევე, პრემიერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელმძღვანელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებს, რომლებიც გვეხმარება საქართველოს ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდაში. ასევე, მადლობას მოვახსენებ ჩვენს მოწვეულ მომხსენებლებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისში დღეს „აბრეშუმის გზის“ პირველი ფორუმი გაიხსნა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოში 32 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1000-ზე მეტი სტუმარი იმყოფება.