"ის, რომ ამ ფორუმს ასობით ბიზნესმენი ესწრება, აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალს ცხადყოფს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის მონაწილეებს აბრეშუმის გზის დიდი პოტენციალის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.

მან ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს ჩართულობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"ის, რომ ამ ფორუმს ესწრება ასობით ბიზნესმენი, ცხადყოფს აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობა და კომერცია ხელს შეუწყობს მშვიდობიან თანამშრომლობას. თავს უფლებას მივცემ, დღეს აქ წარმოდგენილი ყველა სახელმწიფოს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი ბიზნესლიდერები ჩვენი ქვეყნების შესანიშნავი ელჩები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს საერთო კეთილდღეობას. არც ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალი და არც ამ ფორუმის მასშტაბი არ არის მოკრძალებული. ჩვენ განვიხილავთ  რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. ჩვენთვის სასარგებლო იქნება გამოცდილი მოდერატორებისა და სადისკუსიო ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის მონაწილეები ბიზნესებს შორის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან, რაც თანამშრომლობის განმტკიცების  წინაპირობაა.

ამასთან, მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩინეთიდან ევროპაში სწრაფად და იაფად გადაზიდვების შესაძლებლობას იძლევა.

თბილისში დღეს „აბრეშუმის გზის“ პირველი ფორუმი გაიხსნა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოში 32 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1000-ზე მეტი სტუმარი იმყოფება.