საპარტნიორო ფონდსა და კონკრეტულ კომპანიებს შორის რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ "აბრეშუმის გზის ფორუმის" დაწყებამდე განუცხადა.
დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ ეს ფორუმი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ახალი ეტაპი.
"პირველ რიგში, ჩვენ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ღირს ინვესტიციების ჩადება, იმიტომ რომ საქართველო უნდა იყოს ის საკვანძო ქვეყანა, საიდაც აღმოსავლეთსა და ევროპას შორის უნდა არსებობდეს გზის გასაყარი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, "აბრეშუმის გზის ფორუმზე" წარმოდგენილია უმსხვილესი კომპანიები არა მარტო აზიის ქვეყნებიდან, არამედ დასავლეთიდანაც.
"დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უფრო უკეთესად შეიგრძნობენ, შეიცნობენ საქართველოს, მის ეკონომიკურ პოტენციალს და ალბათ, ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ შედეგებს. შედეგი, პირველ რიგში, უნდა იყოს ის, რომ ძალიან ბევრი საწარმო უნდა შეიქმნას საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს ძალიან სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა, ის ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთსა და ევროპას დააკავშირებს ტვირთების თვალსაზრისით", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი რეგიონში, რომელიც მოემსახურება როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ტვირთებს. შესაბამისად, საგანელიძის თქმით, ამას მოჰყვება ინფრასტრუქტურის ძალიან სერიოზული განვითარება. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, დღეს "საპარტნიორო ფონდი" ბევრი კომპანიისთვის პრეზენტაციას გამართავს.
"ვფიქრობ, რომ ხვალ რამდენიმე მემორანდუმიც გაფორმდება "საპარტნიორო ფონდსა" და კონკრეტულ კომპანიებს შორის. ძირითადი მიმართულებები, ჯერჯერობით რაც გამოკვეთილია, ეს არის: სოფლის მეურნეობა, ტურიზმის, ინდუსტრიული სფერო. ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაკლებად შევალთ სიღრმეებში, ენერგეტიკაში, იმიტომ რომ ენერგეტიკაში ქვეყანამ შეძლო და ეს სფერო საკმაოდ საინტერესო გახადა უცხოელებისთვის", - განაცხადა დავით საგანელიძემ.