თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით თავის ადრინდელ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით თავის ადრინდელ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კომენტარს არ აკეთებს 2013 წლის აპრილში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ "თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში". საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე. 
"ეს არ არის ჩემი სიტყვები", - ასე უპასუხა მინისტრმა "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, სადაც ჟურნალისტმა დაახლოებით ორი წლის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენა.
"ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან მოქალაქეებიუ, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის და თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ან ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა ომის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. ჩვენი ვალდებულებაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა საკმარისი პოლიტიკური ნება, იძულებული ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. ეს არ არის ჩემი მიზანი და არ მგონია, ეს ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს", - განაცხადა წულუკიანმა 2013 წლის აპრილში. ამასთან, ასეთი კომენტარი მინისტრს არაერთხელ გაუკეთებია. 
როგორც ცნობილია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდა მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.
როგორც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურორი ფატუ ბენსუდს საქართველოში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება სურს.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება.
2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში", - ნათქვამია ჰააგის სასაამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.