ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი წარმატება დამოკიდებული იქნება ჩვენს უნარზე, სრულად გამოვიყენოთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი წარმატება დამოკიდებული იქნება ჩვენს უნარზე, სრულად გამოვიყენოთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობები

საქართველოთი დაინტერესება მსოფლიოში დღითი დღე იზრდება, რაც ძირითადად გამოწვეულია ჩვენი სტრატეგიული მდებარეობითა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ეს ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს.
"სულ რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე ჩინეთს, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს. ჩემი ენთუზიაზმი გააათმაგა საქართველოთი დაინტერესებული ბიზნესების მოზღვავებამ. ამ ვიზიტის ფარგლებში გაცხადდა ჩვენს ქვეყანაში ახალი მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაც. 
ეს მოვლენები ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს. საქართველოს წყალობით, კერძო პირებსა თუ კომპანიებს მარტივად მიუწვდებათ ხელი მილიარდობით მომხმარებელზე აზიასა და ევროპაში, ხოლო აზიის პროდუქცია და ენერგორესურსები საქართველოს გავლით ბევრად უფრო სწრაფად მიეწოდება ევროპას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეორე მხრივ, ამ ფორუმის დანიშნულება არის არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის საერთო სარგებლის მოტანა. 
"ბოლო დროის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული ნონსენსი არის აბრეშუმის გზის არარსებობა გლობალური ვაჭრობის მოდერნიზაციისა და ინტეგრაციის პირობებში.
დღეს ჩვენი მიზანია ამ ხარვეზის გამოსწორება.
აბრეშუმის გზის რეგიონი ფარავს მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს. სრულად ამუშავების შემდეგ ის გახდება ვაჭრობის გაფართოების, ენერგორესურსებისა და მიწოდების ახალი ქსელების შექმნისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
ამ ფორუმის ფარგლებში ჩვენ ყველამ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა აღვადგინოთ აბრეშუმის გზა, აღმოვფხვრათ აქტიური ინტეგრაციის წინ მდგარი დაბრკოლებები და წვლილი შევიტანოთ საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.
აბრეშუმის გზის ქვეყნები გამოირჩევიან დინამიკურობით. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს ძლიერი და მზარდი ეკონომიკა. თუმცა, მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალური მიღწევებისა, ჩვენი პოტენციალის სრულად ამოქმედება მოითხოვს რეგიონალურ თანამშრომლობას.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თავს უყრის სახელმწიფოების, ბიზნესების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ის უზრუნველყოფს სივრცეს ურთიერთსასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების წინსვლისთვის, განამტკიცებს არსებულ და ქმნის ახალ კავშირებს.
ჩვენი წარმატება დამოკიდებული იქნება ჩვენს უნარზე, სრულად გამოვიყენოთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი, რისთვისაც წამოვაყენებთ ახალ ინიციატივებსა და იდეებს კონკურენციის წასახალისებლად და ამავე დროს, რა თქმა უნდა, თავს ავარიდებთ კონფლიქტს", - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ღონისძიების ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის ჩინეთის მთავრობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აზიის განვითარების ბანკს მადლობაც გადაუხადა. 
"სხვათა შორის, დღევანდელი ღონისძიება პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის მთავრობა არის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გამართული საერთაშორისო ღონისძიების თანაორგანიზატორი. ჩვენი ფორუმისთვის დახმარების გაწევა, რომელიც ხორციელდება პრეზიდენტ სი ძინპინის ხელმძღვანელობით, ცხადყოფს პირადად მისი და, ზოგადად, ჩინეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და ლიდერის როლში აბრეშუმის გზის აღდგენის ხელშეწყობას.
გარდა ამისა, მადლობას მოვახსენებ აშშ-ის ხელმძღვანელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებს, რომლებიც გვეხმარება საქართველოს ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდაში...
ამ სცენაზე ჩვენ თავი მოვუყარეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიას, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ევროპასა და შუა აღმოსავლეთს, ევროპისა და აზიის განვითარების ბანკებს, რათა ერთად განვიხილოთ ამ ორი კონტინენტის დაახლოების გზები.
ეს კი ცხადყოფს, რომ საქართველო არის ყველა ქვეყნის მეგობარი და ის ადგილი, სადაც ბუნებრივად არის თავმოყრილი ყველა მხარე ნაყოფიერი დისკუსიის ჩასატარებლად.
ასევე უნდა ვახსენო სხვა პატივცემული სტუმრებიც, ევროპისა და აზიის 37 ქვეყნის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს.
ჩვენ ასევე შემოგვიერთდებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის, - გაერო, ევროკავშირი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აბრეშუმის გზის ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მთავრობათაშორისი კომისია, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების მთავრობათაშორისი ორგანიზაცია და სარკინიგზო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.