ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში

თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმი გაიხსნა. ფორუმი რუსთაველის თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. 
"აბრეშუმის გზის ფორუმი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მასში მონაწილეობთ. საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ეს იყო უნიკალური გზა, რომელიც იქცა კეთილდღეობისა და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობების წყაროდ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის ხელს უწყობდა სხვადასხვა ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.დღეს, საყოველთაო კეთილდღეობისა და თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვანი დერეფნის გამოცოცხლებით, ჩვენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯს",-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 
მისივე თქმით, ორი კვირის წინ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, აღწერა ქართული ოცნება და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.
"ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ. როგორც ფორუმის მასპინძელი ქვეყანა, საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საქართველო არის აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი. 
"როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ ბუნებრივ მარშრუტს. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი. 
საქართველოს აქვს მტკიცე კავშირები ევროკავშირთან, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ჩათვლით, რეგიონში ისტორიულად ჩამოყალიბებული აქტიური ურთიერთობები და მზარდი თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასა და შუა აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებთან, რის გამოც ჩვენი ქვეყანა იდეალური პლატფორმაა დღევანდელი დისკუსიისთვის.
ბოლო დროს თბილისი აქტიურად მონაწილეობს ხსენებული როლის შესრულებაში. დღეისთვის საქართველომ უკვე უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველ სხდომას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეს ფორუმიც არანაკლებ წარმატებული იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მასშტაბური საინვესტიციო ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებას საქართველოს 31 ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები.