პროკურატურა მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურებს იწყებს

პროკურატურა მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურებს იწყებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალი მთავარი პროკურორის შერჩევისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. შერჩევის წინა ეტაპზე, 19 და 20 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" გაიმართება საქართველოს პროკურორთა კონფერენცია და აირჩევა საპროკურორო საბჭოს 8 წევრი. 
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. 
მისი განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრება მოისმინოს.
"მინდა, მივმართო აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს და ვუთხრა, რომ "პროკურატურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად. იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრის კარი ღია ყველასთვის, ვისაც აქვს ამ თემაზე მოსაზრება. ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა ის, რომ წარმოდგენილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კონსულტაციები გახსნილია, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა მოსაზრებებისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.