იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიებაში საქართველოს პროკურატურის მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიუწვდება.
თეა წულუკიანმა ჰააგის პროკურორის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი იუსტიციის სასწავლო ცენტრში გააკეთა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მას დიდი იმედი აქვს, რომ ჰააგის პროკურორს შეეძლება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და 6 000 მოწმე დაკითხა. ეს მასალები კი ჰააგის პროკურორს გადაეცემა, რათა თავიდან არ მოუწიოს აღნიშნული ქმედებების განხორციელება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის პროკურორმა მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაციის გამოძიებაზე მოითხოვა ნებართვა ჰააგის მოსამართლისგან, რათა ჩატარდეს გამოძიება აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდზე. ეს მნიშვნელოვანია საქართველოშიც და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მთავარია ეთნიკური წმენდის ნაწილი, სადაც ჰააგის პროკურორი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 75%-ით არის შემცირებული ქართველების რიცხვი. ამას შევძლებთ, რომ დავამტკიცოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, გაეცნო ჰააგის პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც 160 გვერდიანია.
"გამოვიყენებთ იმ პროცედურულ უფლებებს, რაც გვაქვს რეგლამენტით მინიჭებული და შესაბამისად ვიზრუნებთ, რომ გამოძიების სხვადასხვა მიმართულებები პირველივე დღიდან იყოს პრიორიტეტული, მათ შორის ქართველი სამხედროების წამება.
თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოში აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიება ერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა, რომელიც საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩატარებულა.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურორს, რომ მას არ მოუწიოს ამ ქმედებების ხელმეორედ ჩატარება. ჩვენი მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჰააგის პროკურორს შეეძლება საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამისთვის ყველაფერში შევუწყობთ მათ ხელს, რათა დამტკიცდეს ის, რაც არის მომხდარი – ქართველთა ეთნოწმენდა, სამხედროების წამება და სხვა ბევრი დანაშაული, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში განახორციელა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ჰააგის პროკურორს, რომელიც სსაქართველოში დღეს ჩამოვა, იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა ზეგ შეხვდება და მოუხდებათ ამ საკითხებზე დეტალურად საუბარი.