„საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა აღმოსავლეთიდან ევროპაში ტრანზიტის უზრუნველყოფა“

„საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა აღმოსავლეთიდან ევროპაში ტრანზიტის უზრუნველყოფა“

თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს უნგრეთის დელეგაცია, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ლასლო საბოს ხელმძღვანელობით ეწვია.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

"უნგრეთი, საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე ქვეყანაა და იმედი მაქვს, რომ თბილისში ყოფნის დღეები იქნება ბევრის მომტანი და სასარგებლო. საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა აღმოსავლეთიდან ევროპაში და პირიქით, ენერგიის, საქონლის ტრანზიტისა და ტურიზმის განვითარების  უზრუნველყოფა. ხოლო უნგრეთი შეასრულებს „ჭიშკარის“ როლს, რომლის მეშვეობითაც ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან პროდუქცია, მომსახურება ევროპაში შევა. იმედი მაქვს, რომ ამ ინიციატივის მეშვეობით უფრო განვითარდება  ვაჭრობა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ბარიერები, უნდა გავერთიანდეთ და ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესების განხორციელებას ორ კონტინენტს შორის“,- განაცხადა ლასლო საბომ თბილისის აერთაშორისო აეროპორტში, სადაც მაღალი რანგის სტუმრების დახვედრის ცერემონია მთელი დღის განმალობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ,  ბელარუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი). ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.