საქართველოს, „აბრეშუმის გზის" ფორუმში მონაწილეობის მიზნით, შავი ზღვის ეკონომიკის თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიხეილ ხრისტიდისი ეწვია.
მიხეილ ხრისტიდისის თქმით, მომავალი აჩვენებს, რომ ეს ფორუმი ძალზედ მნიშვნელოვანია.
"ევროპას, აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის კავშირები დღეს ძალზედ აქტუალურია. უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს ფორუმი ტარდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ახალი აბრეშუმის გზის ჩამოყალიბებაში. ეს იქონიებს პოზიტიურ გავლენას ტრანსპორტზე, ენერგეტიკაზე და რა თქმა უნდა, ტურიზმზე. ჩვენ, შავი ზღვის ეკონომიკის თანამშრომლობის ორგანიზაცია, დიდი ინტერესით დავაკვირდებით ამ ფორუმის ჩამოყალიბების პროცესს, მივესალმებით მის ინსტიტუციონალიზაციას და ყოველწლიურ ჩატარებას, ვინაიდან კითხვები, რომელსაც განიხილავენ ფორუმზე მსოფლიო ქვეყნების მაღალი დელეგაციები, ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა საქართველოს კიდევ ერთხელ ამ ფორუმის ორგანიზაციისთვის და ჩვენი აქ მოწვევისთვის",- განაცხდა BSEC-ის გენერალურმა მდივანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
შეგახსენებთ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ბელარუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი). ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.