საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მლნ ბოთლი მინერალური წყალი გავა

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მლნ ბოთლი მინერალური წყალი გავა

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინოსა და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყლის გატანის შესახებ, შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი დღეს მოეწერა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ უფრო მზარდი ურთიერთობების შედეგი – ასე შეაფასა ახლად გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 „მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო მომავალში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა „საქართველო– ჩინეთის  საექსპორტო პროდუქციის  გამოფენაზე“, რომელიც, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჰუალინგის  საგამოფენო ცენტრში იმართება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ფორუმის მზადება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩინეთის მთავრობაა.

„ჩინეთის გარდა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მართავს ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით – „ერთი გზა ერთი სარტყელი“, ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს უხსნის სახელმწიფოებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ გამოფენა ჩინურ და ქართულ კომპანიებს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საშუალებას მისცემს.

საქართველო–ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის  გამოფენაში სინძიანის, პეკინის, ხეპეის, ხენანის, ხუნანის, შანსის და ჩინეთის სხვა პროვინციების 175 კომპანია და 300 –მდე ბიზნესმენი მონაწილეობს. გამოფენაში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორები: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი,  ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, საოჯახო ტექნიკა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და სხვა.