იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, აგვისტოს ომის სიტუაციაზე, გამოძიება სრულფასოვნად ჩაატაროს.
თეა წულუკიანის განმარტებით, საქართველოსთვის მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ქვეყანას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამოძიების ჩასატარებლად, ხელი არ მიუწვდება.
"ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენთვის, რადგან ჩვენ მხოლოდ ეთნიკურ წმენდაზე არ გავაკეთებთ აქცენტს. ასევე ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა ეთნიკურად ქართველ პირზე, იქნება ეს მოქალაქე თუ სამხედრო, ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ყველას ინტერესს. ჩვენ გავეცანით პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც 160 გვერდიანია და გამოვიყენებთ იმ პროცედურულ უფლებად, რაც რეგლამენტით გვაქვს მონიჭებული", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეეძლება.
"ჩვენი მთავარი ხარვეზია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ჰააგის პროკურორს შეეძლება საგამოძიებო მოქმედებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს. ამისთვის, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რათა დამტკიცდეს ის, რაც მომხდარია - ქართველთა ეთნოწმენდა, სამხედროების წამება და სხვა ბევრი დანაშაული, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ, ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში განახორციელა",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს საქმე, ბოლომდე ყოფილიყო გამოძიებული.
"ამ საქმეზე გამოძიება ზურა ადეიშვილის დროს დაიწყო. როგორც ადეიშვილის, ასევე მომდევნო პროკურორების დროს, საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, რათა საქმე ბოლომდე ყოფილიყო გამოძიებული. თუ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არ არის საქართველოს ბრალი. ეს არის ოკუპაციის ბრალი და ეს ხარვეზი უნდა შეავსოს ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, ჩვენი დახმარებითა და ჩვენთან თანამშრომლობით", - აღნიშნა წულუკიანმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოდან ამ საკითხე 200-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რაც საქართველოს პროკურატურის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა.
თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ჰააგის პროკურატურა სრულფასოვან გამოძიებას ჩაატარებს იქ, სადაც ჩვენი ვერც ყოფილი და ვერც დღევანდელი პროკურორი, ვერ მიდის.