სასტუმროს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ - „ჰუალინგ ჯგუფმა“ ჩვენს ქვეყანაში განახორციელა. კომპანია "ჰუალინგი" ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნე, 500 მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა აღვნიშნო მათი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი - თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოლიმპიურმა სოფელმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართა.
მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ "ჰუალინგმა" დათქმულ ვადებში, წარმატებით განახორციელა ეს პროექტი. "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი - თბილისის ზღვის პლაზა,“–განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, "ჰუალინგი" ახორციელებს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისში, სადაც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს.
ხუთვარსკვალვიანი სასტუმრო „Hualing Tbilisi“ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის - „Hotels & Preference“–ის პირველი წარმომადგენლობაა საქართველოში.
თბილისის ზღვასთან მდებარე, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს 246 ნომერი, რეკრეაციული ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით და საქართველოში ყველაზე დიდი 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, პროექტის საერთო მოცულობაა 73 მილიონი აშშ დოლარი და ამ ეტაპზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.