19-20 ოქტომბერს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭო 8 წევრს აირჩევს

19-20 ოქტომბერს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭო 8 წევრს აირჩევს

19-20 ოქტომბერს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გაიმართება და საპროკურორო საბჭოს 8 წევრი აირჩევა.

საპროკურორო საბჭო 15 წევრისგან შედგება. 8 წევრს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით აირჩევს, აქედან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. საბჭოს დანარჩენი წევრები იქნებიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები.

საპროკურორო საბჭოს 4 წევრს კი, პარლამენტი ირჩევს. საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი 5 ოქტომბერს უკვე გამოაცხადა.

თავის მხრივ კი, საპროკურორო საბჭო ირჩევს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურას. იუსტიციის მინისტრს შეუძლია საპროკურორო საბჭოს 3 კანდიდატი წარუდგინოს.

"პროკურატურის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების და თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი შეიცვალა. მთავარ პროკურორს აირჩევს და თანამდებობიდან ვადამდე პარლამენტი გაათავისუფლებს.

ამასთან ერთად, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. თეა წულუკიანის განცხადებით, ყველამ, ვისაც ამ თემაზე მოსაზრება აქვს, უნდა წარადგინოს კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს.