პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის დელეგაციის წევრებმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობისა და საქართველოს ისტორიული როლის ახალ, თანამედროვე კონტექსტში წარმოჩენის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორს, ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელ შოქრატ ზაკირს შეხვდა.

მხარეებმა ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზი გაესვა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას – „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელი“, რომელსაც საქართველო პირველი გამოეხმაურა. აღინიშნა, რომ სწორედ ახალ ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ კავშირებს ეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსებული „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი,“ რომელიც ხვალ გაიხსნება და მას 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

ჩინური მხარის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს განიხილავს, როგორც სანდო პარტნიორს და მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის კონცეფციის ფარგლებში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ გლობალურ პროექტებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციასთან ერთად, წარმატებით ვითარდება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჩინეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.