"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს და მასთან ერთად "თავისუფალ დემოკრატებში" მისი მეგობრებიც რჩებიან.
აბაშიძის თქმით, შეუძლია დაადასტუროს, რომ არც პარტიის წევრი ვიქტორ დოლიძე აპირებს გაერთიანების დატოვებას.
"ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავართ. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი ვარ პარტიაში და ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფნას ვაპირებ. ჩვენ მარტო პარტია არ გვაკავშირებს. პარტიის დატოვებას გამოვრიცხავ. ვიქტორ დოლიძის სახელითაც შემიძლია გითხრათ, რომ ისიც ასე ფიქრობს. მე და ვიქტორი მხოლოდ პარტიაში არ ვართ დაკავშირებულები ერთმანეთთან. ჩვენი ერთობლივი ცხოვრება საკმაოდ ბევრ წელს ითვლის. მეგობრობას და სწორედ ეს არის, რომ ზოგ-ზოგიერთებმა ვერ აიტანეს ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა და ერთობა. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელსაც კამპანიასაც ვერ დავარქმევდი", - აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზალკალიანმა პარტია დატოვა. ზალკალიანმა "პირWელთან" საუბრისას აღნიშნულის მიზეზად მისი არასამთავრობო სექტორში გადასვლა დაასახელა. დავით ზალკალიანი პარტიის შიგნით მომხდარი პოლიტიკური განხეთქილების გამო "თავისუფალი დემოკრატების" დატოვებას არ ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მას ალასანიას გუნდიდან წასვლა "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გამო არ გადაუწყვიტავს.
ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანის შემდეგ "თავისუფალ დემოკრატებს" კიდევ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის, ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე დატოვებდნენ.