დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას მოგვიანებით აპირებს.
რაც შეეხება „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შეხვედრას, სუბარმა აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ყოველ წელს იმართება.
„მე საერთოდ ვერ გავიგე რა თქვა და რა მოითხოვა, ამიტომ როცა გავიგებ რა სურს ბატონ პრეზიდენტს, მერე შემეძლება ჩემი პოზიცია გამოვხატო. რაც შეეხება „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს, ის ყოველწლიურად იმართება ერთი მარტივი მიზეზის გამო - საქართველოს გავლით გადის სატრანზიტო გაზი და ეს ხელშეკრულება ყოველწლიურად უნდა განახლდეს. სხვა აქ არაფერი არ არის, განსხვავებით ძველი პერიოდისგან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა „გაზპრომისთვის“ მიეყიდა სტრატეგიული გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან გადის სომხეთში. მაშინ კარგად გვახსოვს ეკონომიკის მინისტრის, ბატონი ბენდუქიძის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ რა მნიშვნელობა აქვს მილსადენი ვის ხელში იქნება, თუ მისი დასაწყისი რუსეთშია და დასასრული სომხეთში. გაიხსენონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რას აპირებდნენ მაშინ. ერთადერთი, რის გამოც მაშინ ეს გაზსადენი არ გაიყიდა, იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ზეწოლა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაზე“, - განაცხადა სუბარმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვა მოითხოვა. შესაბამისი განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს მიმართა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული მთავრობის აღნიშნულ სხდომას თავად პრეზიდნეტი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებიან.