„ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს და გამოძიებას დაეხმარება“

„ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს და გამოძიებას დაეხმარება“

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ფაქტი სახეზეა, რომ 2008 წელს ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა ცხინვალის რეგიონში.

ეს განცხადება ალასანიამ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნის შეფასებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, ფატუ ბენსუდა მოსამართლეებისგან 2008 წლის აგვისტოს ომში შესაძლო სამხედრო დანაშაულის გამოძიების უფლებას ითხოვს.

„ჩვენს ინტერესში შედის, რომ ეს გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. იმიტომ, რომ ფაქტი სახეზეა, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ფაქტია, რომ აგრესია ინიცირებული იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამიტომ, ჩვენს ეროვნულ ინტერესში შედის გამოძების ობიექტურად წარმართვა და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ გამოძიებას. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს და გამოძიებას დაეხმარება, მაგრამ ეს პროცესი უნდა წარიმართოს და ჩვენ ინტერესით უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგით დასრულდება“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, საქართველოს გამოძიების წარმართვის არანაირი ბერკეტი არ აქვს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთი აკონტროლებს. ალასანიამ ისიც განმარტა, რომ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში წარმოებულ გამოძიებას ჰააგის სასამართლოს გამოძიებასთან კავშირი არ აქვს.

„ჩვენ მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტილებებს და ასპექტებს ვიკვლევდით, რომლის პირველი ნაწილი დასრულებულია. ეს იყო სამხედრო ხელმძღვანელების გადაწყვეტილებები და არ ეხება იმ საკითხებს, რაც უნდა გამოიძიოს ჰააგის სასამართლომ. აქედან გამომდინარე, ამ 2 გამოძიებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ალასანიამ.

ამასთან "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს უჭირს იმ პირების დასახელება, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხიც შესაძლოა გამოძიების პროცესში გამოიკვეთოს, თუმცა, აქვე მან აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.