"მინდა დღევანდელი დღესასწაული მივულოცო ყველას - აფხაზებს, რუსებს, ოსებს და ბერძნებს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

როგორც სვეტიცხოვლის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, დღეს არამხოლოდ საეკლესიო, არამედ საერო დღესასწაულია.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ანალიტიკური აზროვნება, რათა ადამიანმა კეთილი და ბოროტი ერთმანეთისგან გაარჩიოს.

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მღვდელმთავარნო, მინისტრებო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას. დღეს აგრეთვე არის ხსენება წმინდათა მირიან და ნანასი და პირველი კათოლიკოს-პატრიარქის, დღეს არის მთელი ერის ზეიმი. დღევანდელი დღე არის დღესასწაული არამარტო ეკლესიისა, არამედ ეროვნული დღესასწაულია და მე გილოცავთ ამ დღესასწაულს. კვართი უფლისა - ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და ღმერთმა ინება, რომ ეს სიწმინდე საქართველოში ჩამოეტანათ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ღმერთი განსაკუთრებით წყალობს საქართველოს, განსაკუთრებული მადლი ტრიალებს საქართველოზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისთვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა განსაკუთრებული ანალიტიკური აზროვნება სჭირდება ადამიანს, რომ გააანალიზოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. საქართველო მადლმოსილია და არ შეცდება ამაში, საქართველო მუდამ იდგება სიკეთის და სიწმინდის გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე და სიმშვიდე. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, მალე დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უფალი ბრძანებს, ითხოვეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ. დღევანდელ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ საქართველო გამთლიანდეს და ქართველმა ხალხმა გაიხაროს. არამარტო ქართველმა ხალხმა, არამედ ყველამ ვინც საქართველოში ცხოვრობს. მინდა დღევანდელი დღესასწაული მივულოცო ყველას, აფხაზებს, რუსებს, ოსებს, ბერძნებს, წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და სიყვარული ღვთისა სუფევდეს თქვენზე, საქართველოზე, მთელ მსოფლიოზე, ამინ!", - ბრძანა უწმინდესმა.