ჰააგის სასამართლოს პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ დანაშაულად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას მიიჩნევს

ჰააგის სასამართლოს პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ დანაშაულად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას მიიჩნევს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ ერთ-ერთ დანაშაულად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას მიიჩნევს. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.

"პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.

პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან 113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა. აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ და სხვა სამართლდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, პროკურორის შეფასებით ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75 პროცენტით", - ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. როგორც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურორი ფატუ ბენსუდს საქართველოში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება სურს.