პრეზიდენტის სახელმწიფოებრივ მიდგომას მთავრობა ყოველთვის სახელმწიფოებრივი მიდგომით არ პასუხობს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განახადა, რითაც უპასუხა შენიშვნას, რამდენად ელოდება, რომ მთავრობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნას დათანხმდება.
ხაინდრავამ ხაზი გაუსვა, რომ ამ კუთხით არც თუ ისე პოზიტიური გამოცდილება არსებობს და განმარტა, რომ მთავრობამ თავის ხედვებს უნდა გადახედოს.
"სამწუხაროდ, გვაქვს არც თუ პოზიტიური გამოცდილება ამ თვალსაზრისით, რადგან შარშან 6 ნოემბერს პრეზიდენტმა ითხოვა მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ისეთი საკითხის ჩასმა, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის განხილვა. მთავრობა დადუმდა. პრეზიდენტმა თებერვალში კიდევ ერთხელ გაახსენა ამის თაობაზე, მაგრამ ეს დუმილი დღესაც გრძელდება. ახლა უკვე მეორედ შევიდა პრეზიდენტი მთავრობასთან ასეთი კონსტიტუციური მოთხონით. ვნახოთ, როგორი რეაქცია იქნება. საერთოდ, პრეზიდენტი გამუდმებით ამჟღავნებს კეთილ ნებას, გამუდუმებით ცდილობს შექმნას მაქსიმალურად კომფორტული მოედნები იმისთვის, რომ განხილული იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, მაგრამ პრეზიდენტის სახელმწიფოებრივ მიდგომას ყოველთვის როდი პასუხობს მთავრობა ასევე სახელმწიფოებრივი მიდგომით. ეს სამწუხარო ვითარებაა ქვეყანაში. ჩემი აზრით, მთავრობას თავისი ხედვების გადახედვა ესაჭიროება", - განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.