ივლიანე ხაინდრავა:   რისკები ბუნებრივია არის, რადგან საქმე გვაქვს

ივლიანე ხაინდრავა: რისკები ბუნებრივია არის, რადგან საქმე გვაქვს

იმ დროს, როცა მსოფლიო ცდილობს შეამციროს თავისი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, საქართველოს მიმართულებით ამ ქვეყნიდან გაზის მოცულობის ზრდა, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, "გაზპრომზე" საუბრისას პოლიტიკური რისკებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

"რისკები ბუნებრივია არის, რადგან საქმე გვაქვს "გაზპრომთან". ის არ არის ბულგარეთის ან ლუქსემბურგის წარმომადგენელი კომპანია, სადაც ბიზნესკონტაქტები მინისტრების გარეშეც ძალიან კარგად ლაგდება და პოლიტიკური რისკები მას თან არ ახლავს. "გაზპრომი" გახლავთ რუსული იმპერიალიზმის ან ნეოიმპერიალიზმის, თუ გნებავთ ენერგეტიკული იმპერიალიზმის ერთ-ერთი მთავარი განსახიერება და თუ ამ მიმართულებით სიახლეებია, ეს პროცესი უნდა იყოს პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე. ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, რადგან ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება რუსეთში ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდისა და შემდეგ მნიშვნელოვანი დაცემისა, რისი მომსწრენიც წელს გავხდით. აქ პოლიტიკურ რისკებზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც ნამდვილად თან სდევს ხოლმე კომპანია "გაზპრომის" საქმიანობას საერთაშორისო ასპარეზზე.

პრეზიდენტი მუდამ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ის როლი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის სახით გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ჰყავს საიმედო პარტნიორები: აზერბაიჯანი, თურქმენეთი. ასევე სერიოზულია დაინტერესება ყაზახეთის მხრიდან ანუ იმ დროს, როცა მსოფლიო ცდილობს შეამციროს თავისი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ამ ქვეყნიდან გაზის თუ ნებისმიერი ენერგომატარებლის მოცულობის ზრდა საქართველოს მიმართულებით კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება. შესაძლოა საგანგაშო არც არაფერი ხდებოდეს, მაგრამ ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, რუსულმა მხარემ დაანონსა, რომ გაიმართება მეორე შეხვედრაც ანუ რაღაც პროცესი დაიწყო. უნდა გაირკვეს, რა მიმართულებით მიდის ეს პროცესი და ხომ არ აღმოჩნდება ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე მზარდი - ის რისგანაც ჩვენ, მადლობა ღმერთს, თავი დავიხსენით უკანასკნელ წლებში", - განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის აზრით, რუსეთის ხარჯზე დივერსიფიცირების თემა უნდა დაიხუროს.

"დივერსიფიცირება რუსეთის ხარჯზე, რომლის ხელშიც ენერგომატარებლები ეს არის პოლიტიკური ზეწოლის და წნეხის ინსტრუმენტი, არ ვარგა. ეს ამოვარდნილია იმ კონტექსტიდან, იმ პროცესებიდან, რომელიც მსოფლიოში ვითარდება. ამიტომ დივერსიფიცირების თემა რუსეთის ხარჯზე უნდა დავხუროთ.

არ არის უალტერნატივო მდგომარეობა საქართველოში. პირიქით, მე მგონი ახალი შესძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის ის, რომელიც შეიქმნა საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტებს შორის და განვავითაროთ ეს ხაზი. პრეზიდენტის ინიციატივაც, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე მოხდეს, არსებითად სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ დავსხდეთ, განვიხილოთ და მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება", - განმარტა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.