რუსეთის მიერ სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყებას ვაშინგტონი უკმაყოფილებით შეხვდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია წერს.
როგორც მასალაშია აღნიშნული, კრემლი აცხადებს, რომ სირიაში წარმოებული ოპერაცია დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.
ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის პოლიტიკის ყოფილი დირექტორი და იეილის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას გრამი ამბობს, რომ რუსეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის გამყარებას ცდილობს და მისი პირველადი სამიზნე ისლამური სახელმწიფო არ არის. "არ მგონია, ისლამური სახელმწიფო ამ ეტაპზე პრიორიტეტული სამიზნე იყოს. მთავარი მიზანი ასადის რეჟიმის კონსოლიდაციაა. რუსებმა რამდენიმე ისლამისტური ძალა დაბომბეს, მათ შორის, ალ ნუსრაც. მაგრამ იმ სახედრო ტექნიკითა და იმ შესაძლებლობებით, რომლებიც რუსებს სირიაში აქვთ განლაგებული, კრემლს ისლამურ სახელმწიფოზე იერიშის მიტანა ძალიან გაუჭირდება", -განაცხადა გრამმა.
გრემი დარწმუნებულია იმაში, რომ სირიაში ოპერაციის დაწყების გამო ისლამისტები რუსეთს სამიზნედ ამოიღებენ. შედეგად, ტერორისტული აქტები არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ შესაძლოა, მოსკოვშიც გახშირდეს. ამის შემდეგ კი, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.
"რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთისკენ სულ რამდენიმე გზა მიდის და ერთ-ერთი საქართველოზე გადის. საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულ ფაქტორად უნდა აღიქვას არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ თემაზე რუსეთი საუბრობს. თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სიტუაცია სრულად აკონტროლოს და საქართველოდან პოტენციური მებრძოლების გადინება აღკვეთოს. ეს მათ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთონ და თან ცალი თვალი რუსეთზე ეჭიროთ",- განაცხადა გრამმა.
ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტი ანა ბორჩევსკაია ამბობს, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია სამომავლოდ რუსეთს დიდ ზიანს მოუტანს. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ ეს სიტუაცია პუტინმა საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენოს.
"რუსეთის სირიაში ჩართულობის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ პუტინი ადგილობრივი ტერორიზმის მასშტაბების გაფართოების რისკზე მიდის. თუმცა, ეს შეიძლება პუტინისთვის მოსახერხებელ საბაბად გამოდგეს და მან ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერი ლიდერის იმიჯი დამკვიდრება ისევ სცადოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლამ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა - ალბათ, გახსოვთ მოსკოვის ბინების აფეთქებები. მანამდე პუტინს არავინ იცნობდა, მისი რეიტინგი ძალინ დაბალი იყო. ტერორიზმთან ბრძოლამ მას პოპულარობა მოუტანა", -განაცხადა ანა ბორჩევსკაიამ.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთმა სირია შესაძლოა, ყურადღების გადამტან ფაქტორად გამოიყენოს და კავკასიაში ჯარების გადააადგილება დაიწყოს. სიტუაციისთვის თავის გასართმევად ბორჩევსკაია ამბობს, რომ საქართველომ აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოკავშირეებს და დასავლეთში დაფუძნებულ ექსპერტებს.
"დასავლეთთან კომუნიკაცია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, პარტინიორებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება. უკრაინაში ვნახეთ, რომ რუსეთის მასობრივმა პროპაგანდამ დაბნეულობა გამოიწვია, რაც ანალიტიკოსებს სიტუაციის სწორ შეფასებაში დღემდე ხელს უშლის. ამიტომაც, საქართველომ დასავლეთს ზუსტი ინფორმაცია უწყვეტად უნდა მიაწოდოს", - განაცხადა ბორჩევსკაია.
"რუსეთთან წარსული გამოცდილებიდან და კრემლის მიერ პანკისის ფაქტორის არაერთხელ საბაბად გამოყენების შემთხვევებიდან გამომდინარე, ვაშინგტონში საქართველოს, სირიის მოვლენების ფონზე, უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ",- ნათქვამია "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მასალაში.