„არ ვფიქრობ, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხს რაიმე დამატებითი განხილვა სჭირდება“

„არ ვფიქრობ, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხს რაიმე დამატებითი განხილვა სჭირდება“

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პრეზიდენტის წერილს მთავრობის ადმინისტრაცია განიხილავს და შესაბამისად მოიქცევა.

ეს განცხადება სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან პრეზიდენტის იმ ინიციატივის შეფასებისას გააკეთა, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს.

„რამდენადაც ჩემთვის ახლახან გახდა ცნობილი, პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციაში შემოიტანა წერილი, რომ მთავრობასთან ერთად განიხილოს გარკვეული ენერგოუსაფრთხოების საკითხები. მე არ ვიცი ამ თემის დეტალები, ალბათ მთავრობის ადმინისტრაცია წერილს დადგენილი წესით განიხილავს და შესაბამისად მოიქცევა“, - განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი აუცილებლობას, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე განხილვა გაიმართოს, სერგეენკომ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ამ საკითხს დამატებითი განხილვა არ სჭირდება.

„როგორც პრემიერმა, ასევე, ენერგეტიკის მინისტრმა, ძალიან მკაფიოდ და ცალსახად განმარტა ამ საკითხის არსი და მე არ ვფიქრობ, რომ ამას რაიმე დამატებითი განხილვა სჭირდებოდეს“, - განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, სხდომის მოწვევის შემთხვევაში, აპირებს თუ არა იგი მასზე დასწრებას, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ იგი მთავრობის წევრია და იქცევა ისე, როგორც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას.