"ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ვალდებულებები ევროპის საბჭოს მიმართ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ბორის სილევიჩს და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმას, პენიტენციალური სისტემისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების მხრიდან ხაზი გაესვა მთელ რიგ სფეროში მიღწეულ პროგრესს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო საკითხებზე. PACE–ის წარმომადგენლები წინასაარჩევნო პრიორიტეტებით დაინტერესდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლების პრიორიტეტია კონკურენტუნარიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს განმტკიცება, მთავარი ამოცანა კი – ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

„მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ–მინისტრს ღია, გახსნილი საუბრისთვის. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ვალდებულებები ევროპის საბჭოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ არის საარჩევნო წელი და  მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები იყოს აღიარებული, როგორც სამართლიანი და დამოუკიდებელი,“–განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა ბორის სილევიჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.